მას შემდეგ, რაც გერმანია-თურქეთის ვოიაჟიდან დაბრუნებულს, საბოლოოდ მეღირსა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის მიწაზე ფეხის დადგმა, რამაც საბოლოო ჯამში, ჩემი, ადრე თუ გვიან, სახლში მისვლა განაპირობა, ვცდილობ შთაბეჭდილებების შესახებ პოსტის დაწერას.
არა იმიტომ, რომ გერმანიაში გამგზავრება აზერბაიჯანს და სომხეთს ჯობია; და არც იმიტომ, რომ ემ-ტი-ვის დაჯილდოებაზე მოხვედრა “მეგა”-ს დაჯილდოებაზე კაი პონტია და მე ამის მეამაყება ან /სიტყვა ”მარიაჟობის” ალტერნატივა ვერ ვიპოვე/. უბრალოდ, როგორც ყოველთვის დავიღალე ყველასთვის სათითაოდ იმის ახსნით, რომ კარგი იყო. თითქოსდა, თავად ვერ ხვდებოდნენ, რომ ცუდი, მოვლენათა განვითარების ვერცერთ ვარიანტში, ვერ იქნებოდა.
და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კითხვაზე ”როგორ მოაირეთ?”, რაიმე ნეგატიური მუხტით დატვირთულ პასუხს: ა-ლა ”ვაიმე, გზაში საშინლად გავწვალდით” მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ვერ მიიღეებენ, რომ ბერლინური გარემოებები და იქ განცდილი, ყველაფერი ცუდის კომპენსირებას ახდენდნენ და ყველაფერი კარგად რო იქნებოდა, ისედაც გასაგები უნდა ყოფილიყო. თუმცა, ამის შესახებ მხოლოდ მე ვიცი:)
ამიტომ, კითხვაზე ”გიგა, ჩამოხვედი?”–ზე დადებითი პასუხის მიღების შემდეგ (მით უფრო, როცა ფაქტი აშკარად სახეზეა და მათ წინაშე თბილისის რომელიმე ქუჩაზე ვდგავარ), შემდეგ კითხვას, რომელიც, როგორც წესი, „როგორი იყო?“-ს გულისხმობს, პასუხად „ციოდას“ ვპასუხობდი. არა იმიტომ, რომ ვცდილობდი ორიგინალური ვყოფილიყავი ან მათი კითხვები რამენაირად მაღიზიანებდეს (მივეჩვიე უკვე), არამედ იმიტომ, რომ ეს ერთადერთია, რამაც მთელი ამ მოგზაურობის მანძილზე, ყველაზე ძლიერი შთაბეჭდილება დატოვა.
ციოდა და წვიმდა თბილისში, როცა მივდიოდით; ციოდა, წვიმდა და თოვდა თურქეთის ტერიტორიაზე; ციოდა ბერლნშიც: სულ წვიმდა და ერთხელ მოთოვა. ციოდა ისე, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში, გაციებული დიდ დროს ლოგინში ვატარებდი და ჩინურ რესტორანში წასულმა, რაც გეგმაში გაწერილი იყო, რაღაცეები ისე დავაგემოვნე, რომ ვერაფერი ვიგრძენი. ესეც დაუვიწყარი იყო:)
კიდევ, ბევრს ვფიქრობდი ღორის გრიპზე. არა მხოლოდ იმიტომ, რომ მე მჭირდა რაღაც გაურკვეველი, არამედ იმიტომ, რომ ბევრი ნიღბიანი ადამიანი მიმოიარებოდა აეროპორტებში, მედიაც სულ მასზე ლაპარაკობდა და მეც მქონდა რამდენიმე სიმპტომი. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ სიცხე არ მქონდა და ახლაც ცოცხალი ვარ, ღორის გრიპი გამოვრიცხე. თუმცა, აქ მხოლოდ თვითდიაგნოსტიკას აქვს ადგილი.
ბერლინის მონახულებას რამდენიმე დადებითი მხარეც ქონდა, რა თქმა უნდა. მე და გაგას მუზეუმების მონახულება გვინდოდა და თან, მარის და მარიამის სახლი, რომელშიც გავჩერდით, მუზეუმების კუნძულიდან (გერმ.: Museumsinsel) სულ რამდენიმე მეტრში მდებარეობდა. გავყევით კოტეს, ხელელოვნებათმცოდნეს, რომელიც ასევე მარებთან იყო სტუმრად. შევედით Pergamon Museum-ში, სადაც ბევრი ძველბერძნული ქანდაკება იყო. გარდა იმისა რომ მუზეუმებში შესვლა ჟურნალისტის მოწმობით უფასო ყოფილა გერმანიაში, ისიც შევიტყვე, რომ ყველა ამ ბერძნულ ქანდაკებებს კუტუები თავიდან ქონიათ მიმაგრებული (?). ბევრი ვიბოდიალეთ, ასე 1-2 საათი, შეიძლება მეტიც. სულ ცოტა დაგვრჩა სანახავი, მაგრამ უგიდო ტურის გაგრძელების თავი არცერთს აღარ გვქონდა. კოტე იმ საღამოსვე წავიდა, სადღაც შორს. არ მახსოვს. მე და გაგა კი მეორე დღეს ”ახალი მუზეუმის” მონახულებას ვაპირებდით, სადაც ნეფერტიტის ყველასათვის ცნობილი ბიუსტი ინახებოდა და საერთოდაც, ეგვიპტის თემატიკით იყო დატვირთული და გაცილებით უფრო საინტერესო იქნებოდა ჩემთვის. მარა არ წავედით. ალბათ იმიტომ რომ უფასო იყო:) ისევე, როგორც არ ვნახეთ ზოოპარკი და კიდევ რაღაც რაც უნდა გვენახა და არ მახსოვს.
სამაგიეროდ ვნახეთ ბიონსე:) /ქართველი დიზაინერის – დევიდ კომას კაბაში/, შაკირა ვნახეთ, ”გრინ დეი”, ”ფუ ფაიტერსი”, ”იუ თუ”, ჯულეეტ ლუისი და ასია არჯენტო, კეტი პერი, ბექთსთრით ბოისი და ლილ კიმი, გიორგი ქორქია და გეგა ფალავანდიშვილი. მაჯაზე SHOW VIP წარწერიანი ლენტები გვეკეთა, რიგში არ ვიდექით და ბევრი უფასო ალკოჰოლური სასმელი ვშთანთქეთ, რამაც გაგას დეივ გროლის ფეხებზე ”კონვერსის” კედები შეამჩნევინა, მე კიდევ ამა თუ იმ ნომინაციებში გამარჯვებულების წინასწარ გამოცნობისკენ მიბიძგა. ერთი სიტყვით, კარგი იყო. ინცინდენტიც კი მოყვა.
თუმცა, ყველაფერი კარგად დამთავრდა და facebook-ზე თუ სხვა სოციალურ სისტემებზე სურათის გამოცვლის საშუალება მომეცა.