ჩემი “ფავორიტი” ინტერნეტ მომწოდებლის მიერ ჩვეულ სტილში შეწყვეტილი გლობალურ ქსელთან კავშირი, ძალაუნებურად დაგეგმილ სამუშაოზე უარის თქმას გაიძულებს და სხვა, სათადარიგო საქმიანობის არარსებობის თუ გვიანი საათის გამო, დებილივით ჯდომას /წოლას/ და ექსპრომტად, “რაღაცაზე” ფიქრს გაწყებინებს.
ასე მაგალითად, ჩემთვის მოულოდნელად ამომიტივტივდა ეპიზოდი, როცა 19 წლის ასაკში, ერთ ჩემს, ახლობელზე მეტ ადამიანს, Madonna-ს “Bedtime Story”-დან ნასესხები ტექსტი მივწერე: “Words are meaningless, especially sentаnces. They won’t stand for anything. How could they explain how I feel?” – რაზეც პასუხად მომახსენა, რომ sentаnces არასწორია და sentences უნდა იყოს. თუმცა, ორივემ ვიცოდით, რომ ეს არ იყო ის პასუხი, რომლის მოსმენაც მე მინდოდა.
…როცა 2002 წლის ნოემბერში, 17 წლის ასაკში, ბარსელონას მთავარ /ან ყველაზე პოპულარულ/ ქუჩაზე – რამბლასზე ჩემს მანამდე-ცოხლად-არასოდეს-ნანახ ინტერნეტ-მეგობრების არმიას ვხდებოდი და ჩემს წინ “ნირვანას” გადაჯიშებულმა დრამერმა – დევიდ გროლმა თავის გელფრენდთან ერთად, ამჯერად “ფუ ფაიტერსის” ვოკალისტის ამპლუაში ჩაიარა, რატომღაც დიდი ყურადღება არ მივაქციე. ეს გარემოება კი, თავის მხრივ, რამდენიმე საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული: უპირველეს ყოვლისა, ვაღიარებ, რომ არასოდეს მყვარებია ან/და მომწონებია ”ფუ ფაიტერსი”, მეორე – თავიდან ვერ გავაცნობიერე რომ (ჩემს წარმოსახვაში) ამხელა მასშტაბის არტისტს ასე უბრალოდ, ქუჩაში, გოგოსთან ხელჩაკიდებულს ვნახავდი და მესამე – წინ “2002 წლის ემ-ტი-ვი ევროპის მუსიკალური დაჯილდოება” მელოდა, რომელზეც ჩემს ახალ მეგობრებთან ერთად, მადონას ნახვას ვაპირებდით; და შესაბამისად, არაფერი სხვა ამქვეყნად, დროის იმ კონკრეტულ მონაკვეთში, არ მაინტერესებდა…
თინეიჯერობის გაცილების მეორე წელს, როცა სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2″-ში “ნანიკოს შოუს” სცენარისტად დავიწყე მუშაობა (მაინც ჟღერს რა :> ), ქართული რეალობიდან გამომდინარე, მრავალ სხვა ფუნქციასაც ვითავსებდი, რომელთა შორის, რა თქმა უნდა, გადაცემის გარკვეული პრომოუშენი თუ პოპულარიზაციაც შედიოდა. თუმცა, ამ უკანასკნელი პროცესის პერსპექტივა მაინცდამაინც არ მხიბლავდა…


