
დღის გმირი
ანტიპერსპირანტის შოვნა სტამბულში საკმაოდ არაიოლი, მაგრამ პრინციპის ამბავი აღმოჩნდა. თანაც, ჩვენს რამდენიმეწუთიან საძიებო სამუშაოს ცოტა ხანში ძარღვებში ვაჭრობაგამჯდარი სრულიად უცხო ადამიანები შეუერთდნენ, რომლებისთვისაც ნელ-თბილი ღიმილი და ხელისგულის მარჯვნივ-მარცხნივ ქნევა მათ კომპანიაში დისკომფორტის განცდას თუ არსაჭიროებას არ ნიშნავს, ხოლო ამგვარი ელემენტებისგან საბოლოოდ თავის დაღწევა ყველაზე მოულოდნელ მომენტში თვალწინ ახლადარაღმოცენების გარანტიას ვერ იძლევა. შესაბამისად, ჩემი და გაგას გარდა, საქართველოში პოპულარული ბრენდების – Nivea-ს, Rexona-ს თუ Fa-ს პროდუქციის ძებნაში, საკუთარი ინიციატივით სხვებიც ჩაერთნენ და შიგადაშიგ ხალხით სავსე ქუჩის მეორე მხრიდან ხან “დეოდორანტ, დეოდორანტ”-ს გვიყვიროდნენ, ხანაც გვისტვენდნენ, იღლიაში მუშტს ისვამდნენ და თავისკენ გვეპატიჟებოდნენ, რითაც კონსერვატიული წარმოდგენების მქონე ქართველი ტურისტები კიდევ უფრო დაგვაფრთხეს და იღბალზე მინდობის არჩევანისკენ გვიბიძგეს. შემოღამებამდე უშედეგოდ ბორიალის შემდეგ, ერთხმად სასტუმროში დაბრუნების გადაწყვეტილება მივიღეთ, ხოლო საზაფხულო ჰიგიენის გამრავალფეროვნება უნივერსალური Duty Free-ს ძლევამოსილებას მივანდეთ.
კანადურ-თურქული ურთიერთგაგებით შექმნილი სასტუმრო დილაადრიანვე, საუზმის პირველივე პორციების დაგემოვნების შემდეგ დავტოვეთ, სადაც კიდევ ერთხელ აღმოვაჩინე, რომ მთელი მონდომების მიუხედავად, თურქული სამზარეულო ვერასოდეს გახდებოდა ჩემეული, ხოლო ბლინებთან ერთად ნეკერჩხლის სიროპის გასინჯვა ათათურქის სამშობლოში იმთავითვე ფიასკოზე გამიზნული პერსპექტივა იყო. ასეა თუ ისეა, მეტ-ნაკლებად დანაყრებული გაგა და იმედგაცრუებული მე აეროპორტისკენ გავეშურეთ და რადგან რეისამდე ჯერ კიდევ დრო იყო, საზოგადოებრივი ტრანსპორტით აეროპორტამდე მგზავრობის ყველაზე გრძელი მარშრუტი ავირჩიეთ, რაც ტრამვაის თუ მეტროს ფანჯრებიდან კონსტანტინოპოლის სხვა ტურისტული თუ ძლიერლოკალური უბნების შეთვალიერების კარგ საშუალებას იძლეოდა.
გზად, თურქეთის მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ დამაბნიეს, როცა აეროპორტამდე რამდენიმე გაჩერებით ადრე თითქოს რაღაცას მანიშნებდნენ და ჩემთვის გაუგებარ ენაზე დაჟინებით რაღაცის ახსნას ცდილობნენ. თავიდან ვიფიქრე, რომ ჩემოდანი სამგზავრო სკამებს და ვაგონის კართან განლაგებულ გამყოფზე არ უნდა მიმეყუდებინა, გავიფიქრე, რომ რაიმე დამივარდა ან დაუვარდათ, შემდეგ თავი მუსლიმანური სამყაროსთვის შეურაცხმყოფელ რაღაც უნებლიე ჟესტის გამოსახვის ალბათობაში დავადანაშაულე, თუმცა საბოლოოდ, მათი მზერის მიხედვით მივხვდი, რომ ჩემს უკან, რაღაცისკენ მიმითითებდნენ /თითების გაშვერა ალბათ არ სჩვევიათ/. ზურგსუკან დაუდგენელი წარმომავლობის შუახნის მამაკაცი აღმოჩნდა, რომელიც ასევე გაუგებარ, მაგრამ განსხვავებულ ენაზე ჩემთვის რაღაცის კითხვას ცდილობდა და რატომღაც დარწმუნებული იყო, რომ მე ეს უნდა მცოდნოდა. თხუთმეტწუთიანი უშედეგო კონტაქტის შემდეგ, რომელშიც ორივე მხრიდან ყველა მეტ-ნაკლებად ცნობილი მანიშნებელი ჟესტი ჩაერთო, ერთმანეთს ღიმილით დავშორდით. რამდენიმე ათეულჯერ გამეორებულმა ფრაზებმა კი უკვე აეროპორტში მისულს მიმახვედრეს, რომ ენა, რომელზეც უცნობი საუბრობდა, თურმე ინგლისური იყო; ფონეტიკური მასალის აღდგენის შემდეგ კი იმასაც მივხვდი, რომ იგი რომელიღაც ტაძარს ეძებდა. თუმცა, იმის გამო, რომ სიტუაციის ნებისმიერ ვარიაციაში მაინც არაკომპეტენტური აღმოვჩნდებოდი, ჩემს სიბნელეზე გული დიდად არ დამწყვეტია.
გაგამ მითხრა, რომ ყველაფერი ჩემი ‘self-confident’ გამომეტყველების ბრალი იყო და ღიმილით სახეზე ისიც დაამატა, რომ ღირსი ვიყავი მესამე მხრიდან ასეთი არაგეგმიური ჩარევის, რათა მომავალში ვიცოდე, რომ ყველაფერი ყოველთვის ისე არ იქნება, როგორც დაგეგმილი მაქვს. მისი მხრიდან ამგვარი ნაექსპრომტალის წარმომავლობით დაინტერესების გარეშე, WTF?-მომენტით შეურაცხყოფილმა წყნარად და მშვიდად წინ ყურება გავაგრძელე, რადგან წინ ოთხი თვითმფრინავის შეცვლა და ოცსაათიანი მგზავრობა გველოდა, რომლის შესახებაც გაგას ცალყურმოკრული წარმოდგენა ქონდა და შესაბამისად, არც მორალურად და არც ფიზიკურად არ იყო მზად. ჩემი ‘self-confidence’-ის წყალობით კი ვიცოდი, რომ სტამბულის დატოვებამდე მასთან კამათში ზედმეტი ნერვების არხარჯვის კომპენსირებას საბოლოო დანიშნულების წერტილში – ქალაქ სანტა ანაში მოვახდენდი, სადაც გაგუნას გაბრუებულ სახეს სიამოვნებით დავაკვირდებოდი და სტამბულის მეტროში მის მომღიმარე გამომეტყველებას შევადარებდი.
მიუხედავად ყველაფრისა, ათათურქის აეროპორტში ფრანკფურტის რეისზე რეგისტრაციამ უმტკივნეულოდ და დროულად ჩაიარა, რაშიც დიდწილად Lufthansa-ს საიტზე, ჩვენს ბილეთებში წინასწარ შევსებული სავიზო, საცხოვრებელი და სხვა პირადი ინფორმაცია დაგვეხმარა. ბარგის ჩაბარების შემდეგ, ტერმინალის კედლებს გაცდენილებმა იმდენი ღერი მოვწიეთ, რომ სიგარეტზე დახარჯული დროის ცხოვრების უკანასკნელ წამებად წარმოდგენა გაცილებით საინტერესო შედეგებს გამოიღებდა, ვიდრე მოწევის ამკრძალავი ნიშნებით გაჯერებული ავიახომალდებისა თუ პორტების შიშით დამშრალი ნიკოტინიანი საყლაპავი მილები. ლოგიკურ სდექამდე მისვლის შემდეგ, საპასპორტო კონტროლისკენ გადავინაცვლეთ, რომლის ერთსაათიან რიგში, გვერდზე ცარიელი VIP-რიგის ცქერით გაგა და მე მონაცვლეობით თავს ხან გელა ჩარკვიანად, ხან ქეთათოდ, ხანაც რომელიმე მეცენატის საყვარლად წარმოვიდგენდით. ოცნებებში, ფიქრებში, სლავური წარმოშობის ოჯახების მიერ რიგში დგომის წესების ვერდაცვაზე და მათ ამგვარ საქციელზე სხვა ეროვნებების პირთა რეაქციზე დაკვირვებით, როგორც იქნა, ჩვენი ჯერიც მოახლოვდა, საქართველოს პასპორტი კიდევ ერთი თურქული ბეჭდით დაგვიმშვენეს და ვირტუალურ საზღვარსიქეთ აღმოჩენილების აზრი ისევ ანტიპერსპირანტისკენ მიიმართა.
დახლების სიჭრელის და რაოდენობის მიუხედავად, სულ რამდენიმე წუთი დაგვჭირდა იმისთვის, რომ თავის მოვლის საშუალებებით გარშემორტყმულ ადგილზე ამოგვეყო თავი, სადაც ბიუჯეტზე მკაცრად დამოკიდებულ მგზავრთათვის კოშმარული ბრენდის – Biotherm-ის პროდუქცია იყიდებოდა მხოლოდ; ფირმის, რომლის ფასების შემხედვარე, თბილიში თავს მხოლოდ იმით ვიწყნარებ, რომ მეტ-ნაკლებად ნორმალური ექსტერიერის მქონე მამაჩემი ისე მივიდა თავის ასაკამდე, რომ ასეულობით ლარის ღირებულების მამაკაცის დაბერების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება არ დაჭირვებია. ასეა თუ ისეა, ფულზე, ჰიგიენაზე, სურნელებზე, წელიწადის ცხელ სეზონზე, ჩემს ჟმოტობაზე, საქართველოს შრომის კოდექსზე და სხვადასხვა პიროვნებაზე ცხარე დისკუსიის შემდეგ, შევთანხმდით, რომ დეოდორანტს გაგა იყიდდა; ოღონდ იმ პირობით, რომ ჩემი თვალები ვერ დაინახავდა პროცესს, რომელიც გამყიდველთან 75 მილილიტრიანი სითხის 22 ევრო დოლარზე გადაცვლას გულისმობდა.





მას შემდეგ, რაც გერმანია-თურქეთის ვოიაჟიდან დაბრუნებულს, საბოლოოდ მეღირსა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის მიწაზე ფეხის დადგმა, რამაც საბოლოო ჯამში, ჩემი, ადრე თუ გვიან, სახლში მისვლა განაპირობა, ვცდილობ შთაბეჭდილებების შესახებ პოსტის დაწერას.


