თანამედროვე მუსიკის არცთუ ისე ხანმოკლე ისტორიის მანძილზე, პლანეტა დედამიწას არაერთი ორიგინალური და იმედისმომცემი შემსრულებელი მოევლინა. ზოგიერთი მათგანის შემოქმედებითი ბიოგრაფია იმდენად მდიდარია, რომ მათი ნამოღვაწარის უცებ დავიწყება, ფაქტობრივად, შეუძლებელია; ზოგი კი პირიქით – პირველივე ცდაზე ეთიშება ასპარეზს. რაც მთავარია, თანამედროვე არტისტებს საუკეთესოები არ ავიწყდებათ და გადაჭარბებული არ იქნება თუ ვაღიარებთ, რომ 2006 წლისთვის მუსიკის სფეროზე ყველაზე გავლენიანი მამაკაცი შემსრულებელი არის არა ტერენს ტრენტ დ’არბი ან ტოდ რუნდგრენი, რომელთა პოტენციალი ერთ დროს აღაფრთოვანებდა მსმენელს, არამედ ეს ადამიანი პრინცია. უკაცრავად… არტისტი, რომელიც ადრე პრინცის სახელით იყო ცნობილი. არა, მგონი, დღეს ისევ პრინცი ქვია. როგორც არ უნდა იყოს, ის დრო, როდესაც ჩარტებში გამოჩენის სიხშირით იგი რეგულარულად იპყრობდა ჩვენს ყურადღებას, შეიძლება ითქვას, უკვე გავიდა, მაგრამ დარჩა ერთი და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ – მისი გავლენა თანამედროვე მეინსტრიმ მუსიკაზე, რომელიც არასოდეს იგრძნობოდა უფრო ძლიერ, ვიდრე დღეს.
პრინცის მემკვიდრეობა ყოველთვის აქტუალური ხდება მაშინ, როდესაც მუსიკალურ სამყაროს ახალი ”მაშველი” ევლინება, რომლის მისიაც ქარხნული წესით დამზადებული შიტ-პოპისგან ჩვენი გამიჯვნაა. მართალია, გავრცელებულია აზრი, თითქოს პრინცს ნაკლები საერთო ჰქონდა ჰაუსთან ან თუნდაც ჰიპ-ჰოპთან, მაგრამ მისი გავლენის ნაკვალევი მსგავს სტილში მოღვაწე ყოველი ახალი მესიის შემოქმედებაში თვალნათლივ შეიმჩნევა; საკმარისია დავასახელოთ ბევრისთვის ცნობილი Felix Da Housecat, Playgroup, Outkast, Basement Jaxx, the Neptunes ან ქალბატონი მისი ელიოტი – ყველამ აღიარა, რომ მათ მუსიკაზე ტანდაბალი მინეაპოლისელის შემოქმედებამ იქონია გავლენა. უფრო მეტიც, ბოლო წლებში დიჯეებმაც კი შენიშნეს, რომ პრინცის 1981 წლის ალბომი ”Controversy” ჰაუს ტემპშია და რომ იგი დღესაც ფანტასტიურად ისმინება. ამის პარალელურად, მისი ჩანაწერების ბუტლეგები ყოველკვირეულად იქმნება. აღსანიშნავია ისიც, რომ “რექს რექორდსის” მიერ 2002 წელს გამოშვებულ ტრიბიუტ ალბომში ”If I Was A Prince”, პრინცისთვის საკუთარი პატივის მისაგებად ავანგარდული დენს მუსიკის ისეთმა შემსრულებლებმა მოიყარეს თავი, როგორებიცაა Peaches და Blue States.
”ჯერ კიდევ მოზარდი ვიყავი, როდესაც პრინცი უკვე ყველას წინ უსწრებდა,” – თამამად განაცხადა Basement Jaxx-ის საიმონ რეთქლიფმა ალბომ ”Rooty”-ის გამოშვების პერიოდში, რომელშიც არაორაზროვნად შეინიშნება პრინცის შემოქმედების ელემენტები. – ”მის მსგავსად, ჩვენს შემოქმედებაშიც თეთრკანიანი და შაკანიანი მუსიკის სინთეზია და ამით თვალისმომჭრელი, სექსუალური, ოცნებების სამყაროს შექმნას ვცდილობთ.”
პრინცი ყოველთვის ნოვატორი იყო. 1987 წლის მუსიკალური ერთფეროვნების ფონზე, ალბომით ”Sign “☮” the Times”, მან თავისი პოლემიკური განწყობა, დაუოკებელი და სექსუალური ემოციები გაბედულად გამოათავისუფლა. ეს გენიოსის გამოძახილს უფრო გავდა: საკუთარ ავანგარდულ სიტყვათა თამაშს მიქსავდა ყველაფერთან – ჯეიმს ბრაუნის სოულით და ბრიუს სპრინგსტინის როკით დაწყებული, “ბითლზის” ფსიქოდელიით დამთავრებული. ალბომში გვხვდება სიმღერები მოსწავლე გოგონებზე, რომელთაც საგზლად ზღვის ვარსკვლავები მიაქვთ; სადაც პრინცი იმდენად ძლიერ ოცნებობს, მისი მეგობარი გოგონას მეგობარი გოგონა იყოს, რომ მისი ვოკალი მოულოდნელად ქალის ვოკალად გარდაიქმნება. მთავარი თრექიც კი, სადაც იგი გულგრილად საუბრობს შიდსის, ნარკოტიკების და ტერორის გავრცელებაზე, საუკეთესო ათეულში მოხვდა.
ამ პროდუქტიული ალბომის გამოსვლიდან 19 წელი გავიდა და დღეს შეგვიძლია ყოველგვარი დაეჭვების გარეშე ვიფიქროთ, რომ ”ის” პრინცი აღარაა ჩვენთან. არც ისე დიდი ხანია, რაც იგი თითქოს ყოველგვარ აურზაურსა და კომპანიასთან უსიამოვნებას გაურბოდა; თითქოს საკუთარ ხმისჩამწერ კომპანიაში, მლიქვნელების გარემოცვაში მოხვედრილი მუსიკოსი, მხოლოდ ინტერნეტ-ალბომებითა და ძვირადღირებული ბუტლეგების კოლექციებით ცდიდა თავისი გულშემატკივრების მოთმინებას; მაგრამ მთავარი ეს როდია. რატომ უნდა ცდილობდეს, რომ საკუთარ შესაძლებლობებზე მეტი გააკეთოს, როდესაც ეს აქამდე არავის გაუკეთებია? დიახ, მართალია, ის წინ უსწრებდა ყველას, როდესაც Basement Jaxx-ის წევრები მოზარდები იყვნენ… ეს ახლაც ასეა. მაკოლეი კალკინის და თუნდაც ჰენსონების მსგავსად, ახალგაზრდობაში პრინცმა იმდენს მიაღწია, რომ მნიშვნელობა აღარ აქვს, რას გააკეთებს 48 წლის ასაკში.
პრინცის მნიშვნელობის მუსიკოსს ძნელად თუ იპოვით. და ეს დანამდვილებით ასეა. მართალია, იგი ყველა შემსრულებლისგან რაღაცას იღებდა, მაგრამ ყველასთვის ცნობილია, რომ ჭეშმარიტი ტალანტი სესხულობს, გენიოსი – იპარავს. შემთხვევითი არაა ისიც, რომ პრინცმა გვერდი აუარა ჰიპ-ჰოპს; თითქოს თავისი საყვარელი შემსრულებლების მიერ მიკვლეული მუსიკალური რიფების გამეორებისაგან განგებ შეიკავა თავი, რომ ამით მისი კერპების თავმოყვარეობა ერთგვარად არ შეელახა. მათ ხომ მთელი ცხოვრება ამა თუ იმ მუსიკალური ელემენტის სრულყოფას მიუძღვნეს.
პრინცი უეჭველად უნიკალური იყო. მას ერთხელ ასეც კი უწოდეს: ”მაიკლ ჯექსონის ეშმაკეული ორეული”. ადამიანს, რომელმაც ერთმანეთთან დააწყვილა სექსი და სულიერება; რომელმაც თავისი გამოჩენა ხალხს ლეოპარდის ტყავის ბიკინიში, აჭიმებსა და მაკინტოშში გამოწყობილმა აუწყა; რომელიც თავიდან ბოლომდე პოპის განსახიერება იყო (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით); რომელსაც გართობა, ეპატაჟი და სრულყოფილება იზიდავდა… თუ ამ ყველაფრის პერსპექტივაში დანახვა გსურთ, გაითვალისწინეთ ზემოხსენებული შედარება ჯექსონთან და თვითონვე განსაზღვრეთ, ვინ არის დღეს ნამდვილი პოპის მეფე?



