საერთოდ, როცა ამდენი ხნით ვიკარგები ხოლმე, ეს რამდენიმე მიზეზითაა გაპირობებული. ძირითადად, ასეთ დროს, ნაკლებად ხშირ სხვა გარემოებებთან ერთად, ან რაიმე განსაკუთრებულს ვაკეთებ ან ვცდილობ, რომ ვინმესთან ერთად გავაკეთო “რაიმე განსაკუთრებული”. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბოლო მოტივაცია გამოირიცხა, რადგან მარტმა, ჩემდა გასაკვირად, მოზღვავებული ლიბიდოს შეტევების გარეშე ჩაიარა და, უბრალოდ, ფროინდშაფტისთვისაც არავინ გამიცვნია. შესაბამისად, “რაიმე განსაკუთრებული” ისევ გაწერილ საქმიანობად იქცა და მხოლოდ გეგმიური “რაიმეების” რამდენიმე სერიით შემოიფარგლა.
მეორე მხრივ, ყოველდღიური რაიმე – ბრჭყალების გარეშე – განსაკუთრებული საქმიანობა საკმაოდ დახუნძლული აღმოჩნდა მოვლენებით, რამაც ამა თუ იმ საკითხზე მაქსიმალური კონცენტრირება მოითხოვა და აქედან გამომდინარე, დღის ბოლოსკენ არც აზრის ჩამოყალიბების და არც არანაირი დასკვნის გამოტანის თავი არ მქონდა. პრინციპში, ამ საქმიანობათა ნაწილი დღესაც არაა მიყვანილი ბოლომდე, თუმცა ამ მშვენიერ წვიმიან ღამეს შედარებით ნაკლებად დატვირთული ვარ, რაც ბოლო პოსტიდან დღემდე მომხდარი ამბების დოკუმენტირების საშუალებას მაძლევს. ახლა მთავარია, რამე არ გამომრჩეს:)

ფსევდო-საქმიანი
1. ბანკი
ვინ თქვა, რომ მე ბანკში სამუშაოდ დავიბადე? არც არავინ. მათ შორის, არც დედაჩემმა, რომელმაც, როცა შეიტყო, რომ საქართველოს ბანკში ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად ტესტირებაზე გასვლას ვაპირებდი, მითხრა: რას წვალობ, მაინც ვერ გაივლიო. ორმხრივი სკეპტიციზმის მიუხედავად, ტესტირება გავიარე – უნარებშიც და მათემატიკაშიც, კიდევ რაღაც ტესტი იყო სისწრაფეზე და სიზუსტეზე. შემდეგ რომელიღაც მომდევნო კვირაში გასაუბრებაც წარმატებით დასრულდა. თუმცა, როცა საქმე რამდენიმე ათეული კანდიდატიდან სამამდე მივიდა, იქ ჩემმა თანდაყოლილმა გაუბედაობამ იჩინა თავი, რამაც ასპარეზი შედარებით ენაგატლეკილ გოგონას დაუთმო. თუმცა, არ ვნანობ, საინტერესო თვე იყო და აღმოვაჩინე, რომ სკოლაში მათემატიკა რაღაც ეტაპზე მისწავლია:) და ისიც, რომ დებილიც არ ვყოფილვარ და კიდევ ის, რომ ჩემთვის სრულიად უცხო სფეროში რაღაც წარმატების მიღწევა შემიძლია, თუ მოვინდომებ:) ეს იყო მთავარი. მაგრამ, რეჟიმში ჩაჯდომა და რუტინული სამუშაოს კეთება ისევ არ მეღირსა. Damn. სხვა დროს იყოს.
2. ამერიკა

ვიზააა
ვინ თქვა, რომ ოდესმე ამერიკაში წასვლა მინდოდა? ან ამერიკა მიყვარდა ანდა, რომ ამერიკის საელჩო ადვილად გასცემს ვიზებს? საერთოდ, რა მინდოდა ამერიკაში? კაცმა არ იცის. საბუთების შეგროვების, ბილეთების დაჯავშნის და სხვა ბიუროკრატიული სამუშაოებით სავსე დაძაბული დღეების შემდეგ, რაც საკუთარ ტრაკზე ახალი თავგადასავლების ძიებით იყო გაპირობებული, როგორც იქნა, გავეშურე საელჩოსკენ, რომელიც თურმე იმ ადგილას მდებარეობს, რომელსაც ასევე დიღმის მასივი ეწოდება. სანამ სახლის კარში გავძვრებოდი, საყვარელმა უმცროსმა ძამიკომ სახეზე ღიმილით მომაძახა, რომ ვიზის იმედი მაინცდამაინც არ მქონდეს. თითქოს მე თვითონ არ ვიცოდი… ჩემი ეს ცოდნა კი დოკუმენტების 2 კგ-იანი დასტითაც საბუთდებოდა, რომელიც ფრაზის – “დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენაზე პასუხისმგებელია განმცხადებელი” დამსახურება იყო. საკონსულოს აფროამერიკელმა ოფიცერმა სულ 2 კითხვა დამისვა. პრინციპში, ერთი – რისთვის მივდივარ აშშ-ში. პასუხად აშშ-ზე ჯერ კიდევ ბოლომდე ჩამოუყალიბებელი სტატიების სერიის იდეა და MTV Movie Awards 2010-ზე დასწრება მივუგე, რის შემდეგაც ჩემი ნამუშევრების ჩვენება მომთხოვა (აქ დედაჩემი გამახსენდა, რომელმაც თვალებში კითხვისნიშნებიანი სახით მკითხა, რისთვის მიათრევ ამდენ ჟურნალს საელჩოში გასაუბრებაზეო). ასეა თუ ისეა, ოფიცერმა ორი სხვადასხვა ჟურნალი გადაათვალიერა და მთრთოლვარე “მე”-ს მომიგო: “Alright, alright, I’m gonna give you a visa, you can now proceed to the DHL desk”-ო.
მერე, როგორც გაგამ მითხრა, DHL-ის დახლთან ასკინკილით მივხტუნდი. რა მიხაროდა ნეტა? ალბათ, პასპორტი რომ არ “გამიფუჭეს”:))
ჰო, ვიზა გაგასაც ჩაურტყეს. ჩემთან ერთად მოდის და აბა, სხვანაირად როგორ?!… :)))
3. MTV Movie Awards 2010
ეს დაჯილდოება ჩემი თინეიჯერობის მორიგი გატაცება იყო. ახლაც მივიღე შენიშვნა – რა დროს შენი MTV-იაო. რავი, ჰო, რა დროსია, ალბათ, მარა მაინც… რაღაც მომენტში, ჩემთვის ისიც კი გავაცნობიერე, რომ ცხოვრების ამ ეტაპზე არშემდგარი თინეიჯერობის რეალიზაციას ვახდენ. პრინციპში, თინეიჯერობა კარგი მქონდა; უბრალოდ, რაღაც დებილობებზე მქონდა ყურადღება გადატანილი, რასაც ახლაც მშვენივრად მივაღწევდი. ამიტომ დევიზით – გვიანი არასოდეს არაა, განვაგრძობ ჩემი გამოგონილი ოცნებების რეალიზებას. მთავარია, რომ მე მიხარია:)
ყველაზე მაგარი კი ამ MMA 2010-ის ისტორიაში ისაა, რომ red carpet access გვექნება, რაც გულს მიმშვიდებს იმ ფაქტთან შედარებით, რომ დაჯილდოებას ტრაკში განლაგებული ადგილიდან უნდა ვუყუროთ, მაგრამ მთავარია – მონაწილეობა:))
დაჯილდოება ლოს ანჯელესშია, რაც დასავლეთ სანაპიროს მონახულების საშუალებას იძლევა და ძალიან მაგარია. უბრალოდ, ამ ეტაპზე ფოტოაპარატის ბედი მაღელვებს. წითელი ხალიჩისთვის Canon D1-ს იყენებენ, რომელიც 6 000 დოლარი ღირს, მე არც ამდენი ფული მაქვს და არც შესაბამისი პროფესიული გამოცდილება. ამიტომ ახლა იაფ ალტერნატივას ვეძებ და დიდი იმედი მაქვს, რომ არავინ დამცინებს:)
4. New York
ლოს ანჯელესის მერე, გეგმის მიხედვით, ნიუ იორკია. ქალაქი, რომელსაც არასოდეს ძინავს. ეს ეპითეტი ძალიან მომწონს და არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად გაცვეთილია. მომწონს იმიტომ, რომ მე მგავს. გიგა, რომელსაც არასოდეს ძინავს;) ისე, ძილზე გამახსენდა, ნაცნობების უმეტესობას საჭიროზე მეტ ძილს არაფერი ურჩევნიათ, მე კი ყოველთვის პირიქით ვიყავი. ბევრჯერ მიფიქრია და ინტერნეტშიც მიძებნია /შესაბამის ასაკში/ საშუალება, რომელიც ძილის აუცილებლობას მოხსნიდა, მაგრამ ვერაფერი რეალური ვერ ვიპოვე:) ამიტომ მხოლოდ ეპითეტებით ვკმაყოფილდები:)
მეტი დეტალები ნიუ იორკზე შემდეგ პოსტებში იქნება:)) რაღაცეები ჯერ კიდევ მოსაგვარებელია…
5. Roskilde Festival

მოწვევა, მარა გამომადგება რო?:)
ჰე, ჰე… ეს ჩემი ამ წლის ყველაზე დაგეგმილი და ადვილად მიღწევადი ღონისძიება იყო, რომლის აკრედიტაციები უკვე გზაშია. თუმცა, ამერიკული ვოიაჟის გამო, არ მგონია, საკმარისი ფინანსები დამრჩეს მის განსახორციელებლად, ამიტომ მივმართეთ ფონდს, საიდანაც ველოდებით პასუხს დაფინანსებასთან დაკავშირებით.
კიდევ ერთი გარემოება არის ის, რომ საქართველოში არ გვაქვს დანიის საელჩო და ვიზის მიღების ქართველ მსურველებს დანიის საელჩო კიევში ელოდება გაშლილი ხელებით, თუმცა კიევი-თბილისი-სტამბული-როსკილდე და უკან ზუსტად იმდენივე ჯდებოდა, რაც ამერიკაში ჩასვლა. ამიტომ, დაფინანსების მოლოდინში, გასაუბრება ყოველი შემთხვევისთვის ნიუ იორკში დანიის საკონსულოში დავნიშნეთ.
აი, რამდენი საფიქრალი მაქვს:)))