გარიგების შემდეგ, დამშვიდებული გაგა და გაოგნებული მე, რომელსაც მშობლიურ ოთხრაღაცლარიან “ნივეას” ანტიპერსპირანტზე ნოსტალგია კიდევ უფრო მომაწვა, თვითმფრინავში ჩასასხდომად გავეშურეთ. ბილეთში დაპირებული Airbus A321, სინამდვილეში A320-200 აღმოჩნდა. რიგითი მოკვდავისთვის ეს შეიძლება არაფერს ნიშნავდეს, მაგრამ გაფრენამდე ერთი დღით ადრე ავიამოყვარულმა რომამ ამიხსნა, რომ თვითმფრინავების სწორედ ეს მოდელი ცვივა პანტა-პუნტით, თანაც ეს ყველაფერი მხოლოდ მას შემდეგ გამანდო, რაც დარწმუნდა, რომ ნამდვილად A321-ით მივფრინავდი. დამამძიმებელ ვითარებას ისიც დაემატა, რომ ადგილები ფრთების გასწვრივ აღმოჩნდა, რის შესახებაც იგივე რომამ მომახსენა, რომ პირველ რიგში სწორედ ფრთებში მოთავსებული საწვავი ფეთქდება, შემდეგ ცეცხლი თვითმფრინავის წინა მხარეზე გადადის და ბოლოს ალი კუდისკენ ინაცვლებს. შესაბამისად, კეთილისმსურველი მეგობრის ნაამბობიდან გაირკვა, რომ აეროხომალდის კუდში ჯდომამ (დამახასიათებელი დისკომფორტული ვიბრაციის მიუხედავად), უსაფრთხოება თუ არ უზრუნველყო, სხვა მგზავრებთან ერთად, რამდენიმეწამიან პრიორიტეტს მაინც გაგრძნობინებს.
მიუხედავად შავ-ბნელი აზრებისა, რეისი LH 3341 სტამბულიდან ფრანფურტისკენ გერმანული პუნქტუალობით ზუსტად 13:55 სთ-ზე განხორციელდა და მერკელის მიწაზე გეგმიურად, 15:55 სთ-ზე დაეშვა. იმ გარემოებას, რომ აეროპორტი სულ რამდენიმე კილომეტრში მდებარეობდა იმ სახლიდან, სადაც 2003 წლამდე დიდი ხნის განმავლობაში ვცხოვრობდი, საბედნიეროდ, ჩემს ტურისტულ მზადყოფნაში მინორები არ შეუტანია. ამის მიზეზი კი მეორე თვითმფრინავზე გადაჯდომისკენ ფიზიკური და მენტალური მზადება იყო, რომელიც იმავე ტერმინალის A65-გასასველში იმყოფებოდა; ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მიუხედავად იმისა, თუ რომელ გასასვლელთან მიგვაგორებდა აეროპორტის ავტობუსი, A65 მაინც ტრაკში იქნებოდა. ვარაუდი გამართლდა; ავტობუსით და გასასვლელთშორისი მატარებლით მგზავრობის შემდეგ, რომელსაც რა თქმა უნდა, რამდენიმეწუთიანი თავქუდმოგლეჯილი სირბილიც მოყვა, 65-ე გასასვლელს სწორედ მაშინ მივადექით, როცა 17:00 საათიან რეისზე ჩასხდომა ის-ის იყო გამოცხადდა და პასპორტ-ბილეთებმომარჯვებული 416 მგზავრი Boeing 747-400-ის ბორტისკენ მიმავალ რიგში გამოეწყვნენ.
ხალხის რიცხობრივი რაოდენობის აღქმის შემდეგ, საკუთარ თავს გვერდზე გახედვა-გამოხედვის და სხვა მნიშვნელოვანი რაღაცეების შემჩნევის უფლებაც მივეცით. კერძოდ, გვაინტერესებდა წინასწარ ჩანიშნული უახლოესი მოსაწევი ადგილების ადგილმდებარეობა, რომელთაგან ერთ-ერთიც, საბედნიეროდ /ან საგანგებოდ, ნიუ იორკის რეისის ხანგრძლივობის გათვალისწინებით/, იქვე A65-დან რამდენიმე ნაბიჯზე იყო. სამგზავრო აერობიკის სეანსის შემდეგ, ამოსუნთქვა მხოლოდ სიგარეტის კვამლში გახვეული გამჭვირვალე კუბის შიგნით მოვახერხეთ. თუმცა, ნიკოტინის კიდევ ერთი დოზის მიღების შანსი იმდენად სასიხარულო იყო, რომ ჩვენს გასწვრივ დაფაზე გამოტანილმა საკრალურმა წარწერამ New York-JFK და სხვა დანარჩენმა წვრილმანმა, მეორე და შესაბამის პლანებზე გადაინაცვლა.
დახრჩობამდე მისულებს, თვითფრინავისკენ დაძვრის გადაწყვეტილება, როგორც ყოველთვის, თვითგადარჩენის ინსტინქტმა გვიკარნახა. თანაც, რიგი უკვე შეთხელებული დაგვხდა, რაც სხვა თუ არაფრისთვის, თვალებისთვის მაინც კომფორტული აღმოჩნდა. რამდენიმეწუთიანი ლოდინის შემდეგ, წინ Lufthansa-ს თანამშრომლები შეგვეგებნენ, რომელებმაც ღიმილით სახეზე ჩასხდომის ბარათები და პასპორტები მოითხოვეს. შინდისფერ საბუთზე წარწერა Georgia-ს შემჩნევისას, თვალებზე ინფანტილური გაოცება შეეტყოთ და გადაწოდება-გადმოწოდების პროცესში, თავიანთი ჭკუით ჩვენთვის-ვითომ-საიდუმლო გერმანულ ენაზე ერთმანეთს უზიარებდნენ: “ე, ნახე ქართული პასპორტი. გინახავს ეგეთი? გადაამოწმე ერთი, ამათი ამბავი ხომ იცი”-ო. ორი სიტყვით კი, ისინი არ იმჩნდევდნენ, რომ არ გვენდობოდნენ, ჩვენ კი არ შევიმჩნიეთ, რომ მათი გვესმოდა. და როგორც კერი ბრედშოუ იტყოდა, “გაეროში” სამუშაოდ იდეალური კანდიდატები ვიყავით. დიპლომატური ნიჭის მოწოდების სიმაღლეზე. თვითმფრინავის სალონში აღმოჩენილს, იმ ფაქტმა, რომ ეს რომას ერთ-ერთი საოცნებო ხომალდი იყო, თავი კიდევ უფრო კომფორტულად მაგრძნობინა, ამ განწყობას კი მომდევნო საათების განმავლობაში ფრანც ფერდინანდის ცოცხალი კონცერტი, ევრონიუსი, ბევრი წითელი ღვინო, ბეილისი, საკვები გემრიელობები და ძილი-მითიშვა-გაღვიძების რამდენიმე სეანსი ინარჩუნებდა.
დაპირებული 9 საათის ნაცვლად, მსოფლიოს დედაქალაქში ერთი საათით ნაკლებ დროში ჩავაღწიეთ, რაც იმას ნიშნავდა რომ ლოს ანჯელესში გამგზავრებამდე ახლა უკვე 11 საათი რჩებოდა, ბიოლოგიური საათისთვის კი ეს დედის გინების დაწყების და მწარწ ძალისხმევით ჩვენი ლოგინში შემოპატიჟების დრო იყო, თუმცა ჯერ ერთი ლოგინი მხოლოდ ამერიკის მეორე სანაპიროზე გვეგულებოდა და მეორეც – მანამდე რამდენიმე საკითხი იყო მოსაგვარებელი.
მესაზღვრესთან რამდენიმეწუთიანი პრანჭვის შემდეგ, როგორც იქნა, გავაღწიეთ ქუჩაში, სადაც ქაოტურად მოძრავი ადამიანების, ტიპიური ტაქსების, მანქანების და თბილისურად ცხელი ზაფხულის დღის ბუნდოვანი ნაზავი დაგვხვდა. მენტალურად აზრზე მოსვლის უშედეგო მცდელობის შემდეგ, პირველი, რა თქმა უნდა, სიგარეტის მოწევის გადაწყვეტილება იყო, რომლის შემდეგაც კიდევ უფრო გაბრუებულებმა არანაკლებ გამომწვევ საქმიანობას მივყავით ხელი, რაც ემიგრანტ მეგობრებთან ტელეფონით დარეკვას გულისხმობდა. როცა ჩვენს დამხვედრ მხარესთან დაკავშირების ცდამ ამერიკული ოცნების ხასიათი მიიღო, რაც როგორც შემდეგ გაირკვა, უბრალოდ, დარეკვის წესის არცოდნის ბრალი იყო, ნაცნობ-უცნობებ-ჩერეზმეგობრებთან სატელეფონო კავშირის დამყარების პრეროგატივა გაგას მივანდე, რადგან ზედმეტი ბარგი სადღაც დასატოვებელი იყო, შემნახველ კამერაში ფულის გადაყრა მენანებოდა და საერთოდაც, ყოველ წვრილმანს ზედმეტად განვიცდიდი.
სანამ გაგა დარიკო დეიდას ურეკავდა, რომელიც ბოლოს რევოლუციამდელ საქართველოში იხილა, იხსენებდა პაატა ბიძიას, ნატაშას და ტომას პარალელური ქუჩიდან, ზვიადას და მორფინისტ დათუჩას, მე მისი გარეთ დალოდების გადაწყვეტილება მივიღე, სადაც თან თავს ხელში ვიყვანდი, თან საეჭვოდ ინტერესიან ახალგაზრდებს ვუხსნიდი, თუ სად მდებარეობდა ის Georgia, რომლიდანაც ჩამოვედი და იმასაც, რომ რუსი არ ვიყავი. “ააა, რუსთაველი!”-ო, წამომაძახა ერთმა. ჩემი მოულოდნელობის ემოციის ეკვივალენტი ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მხოლოდ დაღრეცილ სახეში და მის ალმაცერად შეთვალიერებაში გამოიხატა. “Yeap” ვუპასუხე და “ახლა ოღონდ შემეშვი!” ვიგულისხმე, თუმცა არ გაამართლა. ამის შემდეგ მოვისმინე, თუ რა მაგარი პრეზიდენტი გვყავს, რა ცუდი იყო შევარდნაძე, როგორი კარგი რეფორმები ჩატარდა სამართალდამცავ /თუ -დამცველ/ ორგანოებში და რაოდენ წინ ვიმყოფებით დსთ-ს სხვა ქვეყნებთან შედარებით, რომლებშიც ასევე ნამყოფი იყო და რომელთა “რუსთაველებსაც” იცნობდა ალბათ. და რადგან ჩვენი ბარგის საკითხში ვერც რუსთაველი, ვერც სააკაშვილი და ვერც შევარდძნაძე დამეხმარებოდა, ვერც პატრულს ვერ გადავუხდიდი დიდ მადლობას და თვითონ ეს პიროვნებაც მხოლოდ აზრებს მიფანტავდა, ძალაუნებურად მითიშულ სახეზე მშრალი ღიმილით და პერიოდულად გაგას შეთვალიერებით ვპასუხობდი.
ჩემი თანხლებით უცნობის მონოლოგის დასრულების შემდეგ, გამოვიდა გაგა, რომელსაც მართალია სახარბიელო ამბავი არაფერი ქონდა, მაგრამ სამაგიეროდ, ბანკნოტების დახურდავება უსწავლია და ტელეფონის 20-დოლარიანი ბარათიც შეუძენია. ერთურთის ერთი-ორი წაკბენის შემდეგ, რომელიც უფრო უძილობით იყო ნაკარნახევი, ვიდრე ბუნებრივი ინსტინქტებით, ბარგის შემნახველ კამერაში დატოვების შეთანხმებას მივაღწიეთ, თუმცა გაგას მიერ ტელეფონიდან დარეკვის ტექნიკის რიგიანი ათვისების შემხედვარე, ჩვენს “დამხვედრ მხარესთან” კიდევ ერთხელ დარეკვის ცდა ზედმეტად არ ჩავთვალე. წინ 1-იანი უნდოდა, თუ არ უნდოდა, მათალია ახლაც არ მახსოვს, მაგრამ ცდამ გაამათლა, დაირეკა და მეგობარმა ირაკლიმ მახარა, რომ უკვე ნახევარი საათია ჩემს წინ 5 მეტრში დგას.
სიხრულისგან თითქმის ასკინკილით, ჩვენი ბევრკილოგრამიანი ბარგი მისი მეგობრის მანქანაში ჩავასკუპეთ და იქვე, უკანა სკამებზე მოვთავსდით. ნიუ იორკის ცენტრამდე გზად დავადგინეთ, რომ ბარგს სწორედ მანქანის მეპატრონე დაიტოვებდა და ისიც გვახარეს, რომ კლუბში მივყავდით, სადაც უნდა გავერთეთ და დავეთრეთ. ბუნებრივ რეაქციაზე – “რა კლუბი?” პასუხად მითხრეს, რომ რაღაც დაბოლილს ვგავდი და რამეს ხომ არ ვეწეოდი, თუმცა ვითარების ახსნამ party time-ზე დიდი ზეგავლენა მაინცდამაინც არ იქონია. მერე კი დაიწყო: ნახე აი, Grand Central Terminal და ჩვენი რეაქცია “ვა, ჰოო”, ეს Empire State Building-ია და ჩვენც “უი, ჰოო”, ეს Times Square და მე – მოიცადეთ, აქ პატარა საქმე მაქვს, რის პასუხადაც, რა თქმა უნდა – “რა საქმე, შენ შიგ ხომ არ გაქვს?” – მივიღე. საქმე მართლაც მქონდა, ინტერნეტით ნაყიდი New York Pass-ები მქონდა ასაღები, თუმცა ემიგრანტი ქართველებისთვის ეს ტურისტული “შტუჩკები” გაუგებარი აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, Planet Hollywood-ამდე მიცილებაზე ირაკლი მაინც დამთანხმდა. ბარათების აღების შემდეგ კი, გზად ერთ გოგოს გავუარეთ, რომელიც ასევე ქართველი იყო და რომელსაც ასევე უნდოდა კლუბში, თუმცა ვინ იცის, ჩვენი მასპინძლების ცნობიერებაში, ჩვენც სწორედ ამას ვლამობდით.
გზად კლუბამდე ნიუ იორკის ექსკურსია გაგრძელდა, თუმცა ბუნებრივია, ხუროთმოძღვრების ნიმუშების ადეკვატურად ვერ-შეფასებასთან ერთად, უკვე იმასაც ვერ ვაცნობიერებდით, რომელ ქვეყანაში ვიყავით, ვინ იყო ეს ხალხი მანქანაში და საერთოდაც, რა გვინდოდა მანდ. კლუბში შეღწევის შემდეგ კი ვერც ხმამაღალმა მუსიკამ გამოგვაცოცხლა და ალკოჰოლური სასმელიც სედატიურ პრეპარატად იქცა. შესაბამისად, სანამ მასპინძლები იმის გარკვევას ცდილობდნენ, რატომ არ ვცეკვავდით და რატომ ვიყავით უხასიათოდ, ჩვენს ტვინებში მხოლოდ ლოგინის სილუეტი იხატებოდა, რომლის აუცილებლობასაც რატომღაც ვერ ვხსნიდით.
როცა მთელი გულით შენთვის მოძღვნილზე მადლიერების გამოხატვის ყველა კულტურული ნორმატივი დაკმაყოფილებული იყო, გზის გაგრძელების დრო დადგა და მიუხედავად იმისა, რომ დრო გაფრენამდე კიდევ იყო, გაუგებარი რჩებოდა, თუ როგორ მივაღწევდით ახალ აეროპორტამდე. მასპინძელი ირაკლის მეგობარმა ჩვენი ბარგის ნაწილთან ერთად უკვე დაგვტოვა, ტაქსით მგზავრობა არ შედიოდა ჩვენს გეგმაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების წესებს კი ჯერ არ ვიცნობდით. ყველაფერ ამასთან ერთად, ირაკლიმ თავისი Nikon D90 მათხოვა სამ ლინზასთან ერთად, ამიტომაც მეტროთი დაგეგმილი Queens-ში ამოსვლა, La Guardia-ს აეროპორტის ავტობუსზე გადასაჯდომად, სახიფათო ინიციატივად მეჩვენებოდა. ყველაფერ ამაზე ფიქრით გავსებული თავის გამო, წუწუნის წამოწყებისთვის ძალა მაინც მოვიკრიბე და კლუბისა და პიცერიაში ძალით ჭამის შემდეგ, Times Square-ზე პრომენადი უკვე მეტისმეტად მომეჩვენა და აეროპორტში მოხვედრა თუნდაც იმისთვის მინდოდა, რომ უკვე ადგილზე მისულს თავი სადმე მიმედო და ნახევარი საათით მაინც ჩამეთვლიმა.
როცა ჩემი წუწუნი ღრიალში გადაიზარდა, გაგაც, რომელსაც როგორც ირაკლისთან საუბარში აღმოჩნდა, თურმე არსად ეჩქარებოდა და თავად ირაკლიც მიხვდენენ, რომ ჩემი ატანა შეუძლებელი იყო და ამიტომ ირაკლიმ სასწრაფოდ გააჩერა ტაქსი, მძღოლს ქართულ მანერზე წინასწარ მოელაპარაკა ფასზე, გადაუხადა და ჩაგვსვა. პრინციპში, ამის შესახებ ადრე რომ მცოდნოდა, შედარებით ნაკლებს ვიწუწუნებდი, თუმცა ბოდიშის მოხდა უკვე გვიანი იყო და ირაკლისთან გამომშვიდობებაც ნორმალურად ვერ მოვასწარით. მაგრამ ჩემს რიუკზაკში მისი ბევრათასიანი ფოტოაპარატი იმის გარანტიას იძლეოდა, რომ ირაკლის კიდევ შევხვდებოდი და ამჯერად უფრო ადეკვატურიც და გამოძინებულიც ვიქნებოდი.
La Guardia-ში მიღწევისას აღმოჩნდა, რომ გაფრენამდე 4 საათის მიუხედავად, დრო მხოლოდ თავის მოსაწესრიგებლად თუ გვეყოფოდა, რადგან უსაფრთხოების კონტროლთან უშველებელი რიგი იყო. სწორედ ამ დროს გამოვცადეთ ჩვენი არაჩვეულებრივი ანტიპერსპირანტის ძალები, უკაცრიელ ტუალეტში ზედა ტანსაცმელი გამოვიცვალეთ და კონტროლის უემოციოდ გავლის შემდეგ, საფეთქელთან მუშტმოდებულები იმაზე დავფიქრდით, რომ სანატრელ ლოგინამდე ჯერ ჩიკაგომდე 3 საათიანი ფრენა, თვითფრინავის გამოცვლა და ლოს ანჯელესთან მდებარე სანტა ანამდე კიდევ 4,5 საათიანი ფრენის სიამოვნება გველოდა.



