Archives
All posts for the month August, 2009
ამასწინებზე /მაგარი სიტყვაა/, YouTube-ზე უსაქმურად ბორიალის დროს, როცა Backstreet Boys-ის და E-Type-ის “უჟასებიან” მუსიკალურ ვიდეოებს ვუყურებდი, ჩემი ბავშვობისდროინდელი კლიპები გამახსენდა, რომელთა მოქმედი გმირები შიშის ზარს მცემდნენ; და თუ ახლა ამ ყველაფერს სახეზე ღიმილით ვიხსენებ, მაშინ სულ არ მეცინებოდა…
პირველი რაც მიტივტივდება, ეს მაიკლ ჯექსონის “Thriller” იყო, რომლის ყურებაც ხუთი წლის ასაკში რამდენჯერმე მომიწია, მაგრამ მხოლოდ იმის გამო, რომ მაგიდის ქვეშ ჩამძვრალი 2 წლის ძმისთვის მეჩვენებინა, თუ როგორი უშიშარი ვიყავი:))
რამდენი ამის მსგავსი მუსიკალური ვიდეო, კადრი კინოფილმიდან მინახავს, კიდევ უფრო ცოტა – მაგრამ ბევრი – წამიკითხავს ფურცელზე და რა თქმა უნდა, მომისმენია. ყოველივე ეს ახლობელი იყო ჩემთვის, ან მინდოდა რომ ასე ყოფილიყო. თუმცა, ამ ისტორიების ფიქციურობის გაცნობიერების მიუხედავად, რატომღაც მჯეროდა რომ ოდესმე, მსგავსი რამ მეც უნდა გადამხდენოდა.
კი, იყო სიყვარული. ბევრი სიყვარული. არც თუ ისე სიყვარული, მაგრამ ბევრი. მაგრამ, დროა გამოვაცხადო, რომ რომანტიკა ჩემს ცხოვრებაში მოკვდა:) ყოველ შემთხვავაში, ჩემი მხრიდან:) პანდორას ყუთი ნაშთით:)
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ყოველგვარი გარე ძალების ჩარევის გარეშე ფარცხისში, ოჯახის ყველა მოქმედ წევრთან ერთად აღმოჩენილს, ფიქრების ნაკადი მხოლოდ ერთი მიმართულებით მამოძრავებდა. კერძოდ, იმის შესახებ, რომ იმაზე საშინელება, ვიდრე მეტ-ნაკლებად ბოჰემური ცხოვრების მოყვარულს, ისეთი ბანალური ისტიტუტით, როგორიცაა ქორწინება, თავის გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდო, შეიძლება მხოლოდ ახლადშექმნილ თინეიჯერულ თემთან ერთად თანაარსებობობა იყოს, რომელთა აზრები გარშემო მცხოვრებთა მატერიალური მონაპოვრების, სხვა ორფეხა არსებობის ქვედა კიდურების, მშობლების ხარჯით უსაქმურობისგან დასვენებისა და რემონტის კეთების თუ სხვა, ჩემთვის სრულიად შორეული, საკითხების განხილვას ეთმობა.
მიუხედავად ამისა, რამდენიმე მომენტში, დაუმსახურებელი სიყვარულისა თუ ყურადღების მორევში გაბრუებულმა, პერმა-რეგულარული მეორე ნახევრის შეძენაც კი გავიფიქრე. თუმცა, ყოველივე ეს ძალიან ჩამოგავდა სამიოდე კვირის წინ, მანგლისში, მამა გაბრიელზე მოგონებების კითხვისას, სასულიერო აკადემიაში სწავლა-განათლების მიღების რამდენიმეწუთიან სურვილს, რომელიც იმ დროს, წიგნში მსუფევი სასწაულმოქმედი ჯადოსნური სამყაროთი იყო ფორსირებული.
…ალერსით დამონება და სითბოს ჩუქება იქეთ იყოს და ამ უკანასკნელი კვირის განმავლობაში თავში უეცრად მოსული აზრი იმის შესახებ, თუ რა ინფექციების აკიდება შეიძლება ერთი შეხედვით – უწყინარი კოცნით, მოსვენებას არ მაძლევდა. ბოლოს, როგორც იქნა, მოვიცალე და როგორც რიგით იპოქონდრიკს ეკადრება, ამ თემაზე მინი გამოკვლევა ჩავატარე.
აღმოჩნდა, რომ ასობით მიკრობთან, ჩევულებრივ გაციებასთან, თუ კარიესის და პირის ღრუს სხვა დაავადებების გამომწვევ ინფექციებთან ერთად, ტუჩებში კოცნით, კერძოდ კი – ნერწყვით, რამდენიმე არც თუ ისე სასიამოვნო დაავადებასთან თუ ვირუსთან გადაყრა შეიძლება:) და სულაც არ არის აუცილებელი, მათ მატარებელს ეს რაიმენაირად ეტყობოდეს ან თუნდაც, ამ უკანასკნელმა, საერთოდ იცოდეს მის ორგანიზმში ვირუკების არსებობის შესახებ:)
მოკლედ, გვეყო შესავლები და პირდაპირ გადავიდეთ სიაზე:
…მიუხედავად იმისა, რომ გზა მთაწმინდის პარკიდან პანთეონამდე და ქვევით – მშობლიური გამონაბოლქვით გაჟღენთილ ქუჩებამდე, გაცილებით უფრო მოკლე და ადვილად დასაძლევი აღმოჩნდა, ვიდრე თბილისის ანძის ამ მიმდებარე ტერიტორიაზე ქვემოდან ზემოთ ლაშქრობა, მე მაინც იმ პოზიციაზე ვრჩები, რომ რომ /პირველად დავწერე 2 რომ ერთად:)/ არა დღევანდელი “ვიკიშეხვედრა”, ვერცერთი საყვარელი და ძვირფასი ადამიანი, თუ რაიმე სხვა, უსულო, მაგრამ არანაკლებ ძვირფასი ნივთი, იქ ასვლას ვერ მაიძულებდა; განსაკუთრებით კი იმ ტემპებში, რომლებშიც ეს დღეს მე და უჩინმაჩინმა მოვახერხეთ.
ვარდისფერი კიბეებით მორთული ბილიკი, რომელიც მამადავითის ეკლესიის შემდეგ, სიმბოლურად, თითქოს მარადიული უსასრულობისკენ იჭიმება, ჩემდა გასაკვირად, ვანდალიზმის, მკოცნავი წყვილების, ალკოჰოლის მშთანქავი სხვადასხვა ასაკის მოქალაქეების და აქა-იქ უცნაური ხმებისა თუ მოძრაობების ნაკლებობით გამოირჩეოდა; თუმცა, ალბათ, ამ მოულოდნელ გარემოებათა უმეტესობა სეზონური თავისებურებით იყო განპირობებული, რაც გამწარებულ ბობღვას სიწყნარეში კიდევ უფრო დამღლელს და არასაინტერესოს ხდიდა…


იყო და არა იყო რა, იყო ერთი რიგითი ჯადოქარი, რომელსაც ერთი არაჩვეულებრივი თვისება ქონდა: მთელი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობდა და ლამაზ გოგონებს მარგალიტებად აქცევდა, ხოლო შემდეგ ამ ძვირფას ქვებს ჯიბეში იწყობდა და ინახავდა. ერთხელ, როცა ზემოხსენებული ჯადოქარი მანგლისს უფრენდა თავზე, ორი მარგალიტი გადმოუცვივდა და ასე და ამგვარად, ჩვენს სუფრაზე, სადაც მე და კროკერი საზამთროსგან დარჩენილ ბოლო ნაჭრებს ვშთანთქავდით, აღმოჩნდნენ ეკა და სალომე. ამ ველური ისტორიის დასრულების შემდეგ, ეკამ, რომელიც ჩვენგან განხვავებით, ისტერიულ სიცილს ძლივს — მაგრამ მაინც — იკავებდა, მანდილოსნების სადღეგრძელო შესვა. ჭიქაში კი ის არაყი ესხა, რომელიც იმავე შუადღეს, ნაბახუსევზე, მე და კროკერმა, ლომინაშვილების საგვარეულო აბაზანის ჯართში ჩაბარების შედეგად მოპოვებული 12 ლარით ვიყიდეთ. ამ ჟანრის ისტორიების სიუხვის მიუხედავად, თავიდან არ ამომდიოდა აზრი იმის შესახებ, რომ არაფერი მეშველება მანამ, სანამ ალკოჰოლური სუბსტანციებით რიგიანად გაჟღენთილი, ყველა ახლადგაცნობილ ადამიანს მხოლოდ და მხოლოდ „ოდნოკლასნიკებსა“ თუ „ფეისბუქზე“ მოციმციმე პოტენციურ „ფრენდებად“ წარმოვიდგენ; სანამ არ შევწყვეტ ყოველივე ამის გააზრებისგან რაღაც ავადმყოფური სიამოვნების მიღებას — თითქოს, პლიუს ერთი მეგობარი სოციალურ ქსელებში შენს ამ პლანეტაზე მოღვაწეობას რაიმე ფუნდამენტური გზით ამართლებდეს. თუმცა, რატომ უნდა ამართლებდეს რაიმე სულიერი ან სულიერთა ერთობა შენს რაობას საერთოდ? ეს ხომ, როგორც წესი, შენი სიკვდილის შემდეგ კაცობრიობისთვის ნაანდერძევი სხვადასხვა მატერიალური ნივთი ან რაიმე სახის საქციელია, რომელიც ცოტათი მაინც გაზვიადებულ ლეგენდად გაქცევს; ხალხი რა შუაშია, საერთოდ?



